ოთახის მტვრის ტკიპა არის მიკროსკოპული ზომის მწერი, სიგრძეში ერთი მესამედი მილიმეტრი, თვალით უხილავია, მაგრამ ჩანს მცირე გადიდებაზეც მიკროსკოპში.
ოთახის მტვრის ტკიპა ვითარდება კვერცხიდან და ზრდასრული ხდება 20-30 დღეში. მოზრდილი ტკიპა ცხოვრობს 8-10 კვირა. მისი ძირითადი სახეობებია – Dermotophagoides pteronyssinus, Dermatophagoides farinae და ფქვილის ტკიპა, რომელიც მრავლდება საკვებში და მარცვლოვნებში.
ოთახის მტვრის ტკიპა ცხოვრობს ადამიანთან ერთად, ის იკვებება ადამიანის და ცხოველის კანის ჩამოფცქვნილი ეპითელიუმით. ადამიანის კანიდან ყოველ კვირაში ჩამოიფცქვნება 5 გრ. ეპითელიუმი, რომელიც საკმარისია რამდენიმე ათასი მტვრის ტკიპის გამოსაკვებად. ოთახის მტვრის ტკიპის ცხოველმყოფელობის ოპტიმალური პირობებია თბილი და ტენიანი გარემო. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა არის საწოლში, ბალიშში, საწოლ ოთახში არსებულ რბილ იატაკსა და ხალიჩებში, რბილ სათამაშოებში, რბილ ავეჯში.
ოთახის მტვრის ტკიპის კონტროლისათვის შემუშავებულია მათი შემცველობის განსაზღვრა. მაგ.: 1 გრ. მტვერში 20 ტკიპაზე ნაკლები არის მცირე შემცველობა,
ხოლო 100 ტკიპა 1 გრამში – საშუალო, ამ შემცველობაზე ადამიანს უკვე უვითარდება ალერგია. ოთახის მტვრის ტკიპის მაღალ შემცველობად ითვლება 500 და მეტი ტკიპა 1 გ. მტვერში. ამ შემთხვევაში ალერგიის გამწვავებები – ძლიერია.
ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც აქვს მაღალი სენსიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპის მიმართ, უვითარდება გამწვავება ოთახის მტვრის ტკიპას მცირე შემცველობის დროსაც.
ოთახის მტვრის ტკიპას აეროალერგენებს ძირითადად წარმოადგენენ მათი ექსკრემენტები, რომლებიც გაცილებით მცირე ზომისაა და ადვილად ვრცელდება ჰაერში. 1 ტკიპა დღეში ბინაში ავრცელებს 20-30 ფეკალურ ნაწილაკს, რომელიც კუმულირდება ბინაში. დაავადებები, რომლებიც ვითარდება ოთახის მტვრის ტკიპაზე ალერგიის გამო, არის: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ატოპური დერმატიტი.
ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობას ბინაში:
1. დაბალი ტენიანობა < 50%;
2. სპეციფიკურად ნაქსოვი დამცავი თეთრეული;
3. სპეციფიკურად ნაქსოვი მტვრის ტილოები;
4. სპეციალური მტვერსასრუტი;
5. ხშირი ვენტილაცია;
6. ინსექტიციდური სპეციალური ხსნარები;
7. რეცხვა 60° С -ზე მეტ ტემპერატურაზე და მინიმუმ კვირაში ერთხელ;
8. გაყინვა 0°C -ზე ქვემოთ ტემპერატურაზე 3 საათის მანძილზე;
ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობას ბინაში:
1. მაღალი ტენიანობა > 50%;
2. ნაკლები ვენტილაცია;
3. ცენტრალური გათბობა;
4. რბილი ავეჯი;
5. რბილი იატაკები (ხალიჩები);
6. რბილი სათამაშოები;
7. სქელი ფარდები;
8. ტელევიზორი, კომპიუტერი (იკრავს).
თუ თქვენ გაქვთ ალერგია ოთახის მტვრის ტკიპის მიმართ, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობა თქვენს ბინაში – საწოლში, რბილ ავეჯზე, ხალიჩებსა და რბილ იატაკებზე. ასევე შეგვიძლია ჩატარებული გამწმენდი ღონისძიებების შემდეგ შევაფასოთ თქვენს მიერ ჩატარებული ქმედებების ეფექტურობა.
სასურვლია იცოდეთ რომ:
-ახალ მატრასში ოთახის მტვრის ტკიპის გამრავლებას სჭირდება 3-9 თვე;
-ბუმბულის ბალიშში ტკიპა ნაკლები სისწრაფით მრავლდება, ვიდრე ხელოვნურში;
-ფარდები უნდა შეიცვალოს ხის, პლასტიკის ან ვინილის ჟალუზებით;
-ხალიჩები და რბილი იატაკები არ უნდა იყოს საძინებელ ოთახში და თვეში ერთხელ მაინც უნდა დამუშავდეს აკარიციდით (3-5% ბენზილ-ბენზოატი);
-ჩვეულებრივი მტვერსასრუტით დამუშავება მხოლოდ ზედაპირულად ამცირებს ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობას;
-ოთახის მტვრის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებმა სახლის დალაგების დროს უნდა გამოიყენონ სპეციალური ნიღაბი;
-გაყინვა კლავს ოთახის მტვრის ტკიპას, ზოგ შემთხვევაში გამოიყენება თხევადი აზოტით საწოლებისა და ფარდების დამუშავება (თუმცა არაპრაქტიკულია);
-შეიძლება ამ მიზნით ცივი ზამთრის და მაცივრის საყინულის გამოყენება;
-მშრალი მაღალი ტემპერატურით დამუშავება კლავს ოთახის მტვრის ტკიპას (ცხელი ორთქლი).
Tagged ალერგია, ასთმა, გამონაყარი, ქავილი